Tuesday, November 27, 2012

დრო-ჟამი

"მიყვარხარ. არაფერი მკითხო"
ესე მითხრა წეღან.

შევცბი ცოტა და ღრმად წავედი, მიმოვიარე დროის ლაბირინთი.
ქალის სინატიფე გასხეულებული გველში. გაცრეცილი სახე და ვარდისფერი ლოყები, შავი მაყვალივით თვალები და თმა სისინა. ყოველთვის შორს არის, იქ სადაც ზღვის ღმერთს ესაუბრება, სადაც გრძნობა შიშველია და წმინდა.
პულსი.
"ყველასგან განსხვავებული ხარ და დიდი ემოცია მოდის შენგან"
უფრო შევცბი.
"რატომ მე?"
დრონი მეფობენ. დღეები გავიდა.

ძალა მომცა...ისევ უკიდეგანობის ხვეულები. იცით როცა ვწერ უკიდეგანობა ჩემთვის ხვეულის ფორმისაა, აი ისეთი ბოლო რომ არ უჩანს და სულ მიდიხარ, რაღაც ხვეულში...ფერებიც რომ იცვლება
დავიღალე.
რატომ მომდის ხშირად ეს ფრაზა თავში "მე ერთმან ერთგზის ერთ ვუძღვენ თავი" ეს დიდმა ილიამ სამშობლოსადმი თქვა... ჩემთვის აქ სამშობლოცაა, მეც ვარ და შენც ხარ როგორც უნდა გაგიკვირდეს....
ამ წუთას მეტირება. თვალებს უდაბნოს მზე მწვავს, ჩრდილოეთის ქარი მიყინავს თვალის ბროლს და მიწის გმინვის ხმა მისველებს.
სიმარტივეში სირთულეაო...თუ რაღაც მსგავსს ამბობენ. იცით, ყველაფერი იმდენად რთულად არის რომ ჩემნაირი ადამიანები ამბობენ ხოლმე, რომ ძალიან მარტივია ყველაფერიო, აი ისეთი ჩემნაირები, რომლებიც ყველაფერს უკიდეგანო სიღრმით გრძნობენ, პარადოქსია არა?!
ქარავანი მიდის. ქალი მიყვება ცივსისხლიანი ასპიტი. ყველაფერი გარდამავალია, ქვიშაც კი ფერს იცვლის როცა ღამდება, ყველაფერი ოდესმე ქრება და რა რჩება?

შენ ლამაზი ხარ...ყველასთვის შეფარდებითია სილამაზე...

Sunday, November 4, 2012

.

მარწუხები უჭერენ ტვინს.
გაქვავებული.
სავსე მთვარობის უკანსვლა და ემოციების მიქცევა. შიშველი ნაპირი გამოჩნდა ლურჯ ღამეში. როგორი ცივია ქვები, როგორი უკაცრიელი...ზღვის სუნიც აღარაა თითქოს? სადაა ყოველივე სიღრმისეული? თუ ეს ჰალუცინაციებია?
მე სიზმარში ორი ზღვა ვნახე გვერდიგვერდ. ერთი ბობოქარი იყო და მეორე მშვიდი, ორივე მიხმობდა. ბოლოს გადავწყვიტე ბობოქარ ზღვაში შეცურვა და ვერ მოვასწარი...
წერილები...
უფრო აცივდა ყველგან.
მარტო ცივ სამყაროში. აი ისე მარტო ყველა ფოთლის შრიალს და წყლის წვეთის ხმას განსაკუთრებულად რომ გრძნობ.
ყოველთვის ვცდილობ ადამიანებს არ ვაწყენინო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არასდროს ვაწყენინებ ხოლმე. ყოველთვის ვიცი, რომ ჩემ ამ თვისებას როგორც წესი ცუდად იყენებენ, თუმცა მე არც ეს მწყინს. თუ ჩემი წყენინებით ვინმე მცირე ხნით მაინც კარგად იგრძნობს თავს, მიჩუქნია ეს მცირე დრო მათთვის, ისედაც მცირედით ხარობს ადამიანი.
 ამ წუთას შორს ვარ. იქ სადღაც მთებს იქით ვზივარ ჩემი ოცნების ვერანდაზე პლედით და ჩაით.
საკუთარი თავის პოვნა ხანდახან არსაით. დროის წრიალში მიმოფანტული შენ. ეძებ თავს. ბაბილონის გოლი შენშივე განსახიერებული. რექვიემის ფონზე ვან გოგის ვარსკვლავებიანი ცა გესახება. შენი პარალელობა და ერთადერთი თოკი რომელსაც დაათრევ, იმის იმედზე წყალმა რომ წაგიღოს იქნებ გზად შემხვედრ ხის მორს ან დიდ ქვას გამოაბა.  ან უბრალოდ თავის გასაყოფ ყულფად გამოიყენო.

იცით, ეს არაა ნაწყენი ადამიანის ნაწერი, უბრალოდ ბევრმა მაწყენინა. ყველა თუ არა ერთი მაინცაა ამით ბედნიერი, ყოველთვის მისი ბედნიერებისთვის მწყინდა.
საკმარისია.