Friday, September 28, 2012

სათაური დეტერმინიზმზე

სექტემბერი იწურება.

წეღან მიწის გმინვა გავიგე, თითქოს კაცობრიობის ცოდვებმა შეაწუხაო.

ჩვენ ყველას ჩვენი გველის სადღაც. ადამიანი თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს საკუთარი თავის ძიებაში ატარებს, იმ თავის რომელიც არ არსებობს ან რომელიც არსებობს და ჰგონია რომ არ არსებობს.
დიდი ნიჭია პოზიტივისა და ნეგატივის გარჩევა და უფრო დიდი ნიჭი მათი რაციონალური არევა ერთმანეთში.
პარადოქსი! ვფიქრობ რომ აი ეს არის ის, რაზეც სამყარო მოძრაობს და არა რის გარშემოც.
ჩემი ფიცის ბოლო უკვე აღარც კი მაკვირვებს...

ცხოვრება მუსიკის რითმებში...ყოველი დღე ამინდის ფერი...ყოველი განწყობა სეზონური...

ვწუხვარ, როდესაც ადამიანები ყველაფერს ერთი მხრიდან უყურებენ. როცა რაღაცას აფასებენ, როგორც ხედავენ და არა ისე როგორც შეიძლება იყოს, როცა აღქმა არ სცდება საზღვრებს...როცა შემოდგომა მათთვის მხოლოდ შემოდგომაა და არა გარდასახვა ერთიდან მეორეში, ფერთა გამა რომელიც ვიღაცისთვის მელანქოლიურია და ვიღაცისთვის ბუნების ზეიმი. როცა სულიერების სჯერათ მხოლოდ გარდაცვალების შემდგომ და სანამ მიწაზე არიან არაფრად აფასებენ ამას, აბა მიწად როცა იქცევიან გმინვა შემდგომაც ეყოფათ.
ვიღაც ბრძენს უთქვამს, რომ მოვლენები ისეთივეა როგორიც შენ გინდა რომ იყოსო, ისინი არ არიან განსაზღვრული დროსა და სივრცეშიო. ასეთ რაღაცეებს როგორც წესი, ხომ "ვიღაც ბრძენები" ამბობენ, ხოდა ამ წუთასაც ეს ვიღაც ბრძენი მე გამოვიგონე...

მე აქამდე ქებათა ქება ვიცოდი და ახლა ქებათა ქების ქებასაც კი გადავეყარე...თუმცა როგორ გავუტოლდები ღმერთის მეოთხე ჰიპოსტაზს, მე ხომ მთელ ამ ჰელიოცენტრულ სისტემაში ადამაინთა მოდგმის იმდენად მცირე ნაწილაკი ვარ, რომ სახელიც კი გამჭვირვალე მაქვს.


ოთხივე სეზონზე ღამეს სხვა სუნი აქვს.

შემოდგომის ღამის სუნი...

Saturday, September 8, 2012

Welcome to the machine

აცივდა.

ტყუილი...ყველგან ტყუილი და მტვრის ფასი ჰქონია.


ჰორიზონტის ვერტიკალური მხრიდან ყურება მიყვარდა ყოველთვის, როცა არარსებული ვარსკვლავი წყდება ცას. იქ ყველაფერი "ერთგზის" არის.

ეპოქამ შთანთქა ემოცია და მოვიდა კუბი.
რატომ ვადანაშაულებ ეპოქას მაშინ, როცა მე თვითონ ვძენ რაღაცეებს ეპოქალურ მნიშვნელობას.
კედლის სიმაღლის პრობლემაა ისევ...

შემოდგომა. ყველაფრის გაჩუქება...სულიერი სიღარიბე. ოცნებების სხვისთვის გაჩუქებაც სიკეთეა ნეტა?

ისევ ჩაიში ჩავიძირე. პინკ ფლოიდი და ცხელი ჩაი ჩემი ნარკოტიკია ხოლმე...მათი განუსაზღვრელობა და ემოციების სივრცული სახე. უამრავი საკითხი, უამრავი კითხვა რომელიც თავის თავში პასუხიცაა.

გავიყინე.

ოთახში სინანულის ადგილიც აღარ დარჩა. შორიდან დგომა და ყურება...ხელიდან გეცლება რაღაც და ეს რაღაც ეპოქალურია შენთვის.
ისევ წიგნად ქცეული ამაზრზენობა. ისევ დროის თამაში.

ღამეში ხომ ყველაფერი უფრო ნათელია, ღამეში ყველა საფარველს იხდის, დრო როცა ყველა ყველაა...ამ დროს მღვიძავს და ყველას ყველაობას ვუყურებ და მეც მე ვარ.

ზღვა მინდა. აი ის ზღვა მუქი ლურჯი რომ არის და მასზე სრულად უწონო მდგომარეობაში მყოფს ყურებში შორეული სიღრმის გრიალი გესმის...

ეს ყველაფერი უბრალო რეალობაა. რეალობა ხომ მრავალმხრივია და მისი უკიდეგანო ხიბლიც ამაშია.



Together we stand, divided we fall...


http://www.youtube.com/watch?v=gELhNbDcLE0