Thursday, March 3, 2011

***

წესით ამ პოსტს გაზაფხულის სუნი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ნესტის სუნს შეგპირდებით მხოლოდ.
უცნაური რიტმი აიკიდა დღეებმა, წამის სისწრაფით ხდება დღისა და ღამის მონაცვლეობა და მაინც დღის სიგრძეზე ისმის წუწუნი. ან იქნებ მხოლოდ მე მეჩვენება, რომ დღეები წამის მეათასედის სისწრაფით მისდევენ ერთმანეთს? როგორც უნდა იყოს კმაყოფილი ვარ. ისე, დიდი ხანია ეს ფრაზა არ მითქვამს. საერთოდ კმაყოფილების საზომი სხვანაირად ზომავს ჩემთვის კმაყოფილებას, მაგრამ ამჯერად საზომის დადგენილ ნიშნულებს სულაც არ შეესაბამება ეს კმაყოფილება. ასეა თუ ისე კმაყოფილი ველოდები გასაფხულის სურნელი როდის შევარდება ნესტოებში (ნუ ცალ ნესტოში მთლად ვერ ვიგრძნობ, რადგან ვერ ვსუნთქავ კარგად ამ ცალი ნესტოთი)ტვინს გააბრუებს და ელვისებური სისწრაფით ფეხის თითებამდე დამივლის, აი მაშინ ვიტყვი რომ დროა...მაგრამ რისი დროა?
დრო დრო დრო...არასდროს მესმოდა ამ დროის, თუნდაც მისი მუდმივისრბოლის. დროს ხან მკურნალის სახელს მიაწერენ, ხან რაღაცის მომტანისას და ხანაც რისას, მოდი და სდიე მის ფუნქცია მოვალეობებს, მგონი თვითონაც არ იცის. ეხლა დროის შესახებ რომ გავყვე საუბარს, ვინმემ შეიძლება ”ფილოსოფოსობო” მითხრას, რაც დიდად არ მინდა. ასე რომ მივატოვოთ დრო დროებით.
რანი ვართ, რისთვის მოვედით?
აგე, იმ ჰორიზონტს გახედე, მზეს რომ სოფლის კვერცხის გულის ფერი აქვს, როგორ ესვენება მუქ იასამნისფრად მიყუჩებულ ზღვაში, თითქოს მისი გაფერადება უნდაო...ბუნების ერთ-ერთი საოცარი სიმფონიაა. ან ის არ არის სიმფონია ტყეში რომ შეხვალ, იგრძნობ მიწის სურნელს, ყურს ჩიტების სტვენა და მცენარეთა შრიალი რომ ხვდება? რასაკვირველია, ყოველივე ეს მიწის გულის ფეთქვას ჰგავს. მოგისმენიათ მიწის გულისთვის?
აი ახლაც რა სინდისით უნდა ვთქვა რომ ”ფილოსოფოსობას” არავინ დამწამებს...
ყოველთვის რაღაცას წამოვიწყებ და შემდგომ...ამ წუთას აზრი გამიწყდა, გამაწყვეტინეს, მოდი ასე დავტოვებ ამ ნაწერს, მგონი არაუშავს...