Tuesday, September 27, 2011

28 და მარჯვნივ

სიმძიმე.
არ ემსახურება ეს ნაწერი დეპრესიის არცერთ სახეს, უბრალოდ 28 სექტემბერივით მუქ ფერებში ვარ.
ამხელა სამყაროში სრული სიმარტოვე.
მეგონა...მეგონა...მეგონა. ეს სიტყვა 21–ე საუკუნის სამყაროში არ უნდა არსებობდეს, რადგან არაფერია საგონებელი, ან არის ან არა. ადამიანები გასცდნენ ჰომოსაპიენსის არსს და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, შექმნან ის რაც უნდათ და ამაში მოიაზრება მთელი მატერიალური და არამატერიალური სამყაროს თავისებურებანი, მაგრამ გაანალიზება ამ შესაძლებლობისა მასიურად არ არსებობს, ამიტომ ისევ ჰომოსაპიენსების დონეზე რჩებიან. და მაინც, რისი თქმაც მინდა ცოტა ბუნდოვნად დავტოვებ, ყველამ გაიგოს თავისთვის. კიდევ ერთი რამ მიკვირს, რატომ ეზარებათ ადამიანებს არსებობა და მისით ტკბობა? არ დავწერ აქ სიმარტივის თავისებურებებზე, მისადმი ადამიანების რთულ მიდგომაზე, გაურკვევლობისგან ფარულ თუ არაფარულ დეპრესიებზე, ეს ყველაფერი დიდ დროს წაიღებს და შეიძლება კადნიერებაშიც ჩამომერთვას. უბრალოდ დაკარგეს სიტყვა "ჰარმონია" გამოხატული არა მხოლოდ 8 ანბანურ ასო–ბგერაში.
მოვიწყინე? ძალიან ბევრ მოსაწყენ ადგილას და მომენტშიც კი არ ვიწყენ ხოლმე. უბრალოდ "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია" ჩემზე არასდროს ვრცელდებოდა.
დღეს მივდივარ კლასიკური მუსიკის კონცერტზე, რაღა დაგიმალოთ და ისევ მარტო.
ცოტა განტვირთვა.
წარმოიდგინეთ, რამდენ რამესაც აქ ვწერ ხოლმე, ყველაფერი რაღაც დოზით და ფორმით მხვდება და შემდგომ ვწერ, მადლობას გადავუხდი იმ ადამიანებს და მოვლენებს რომლებიც მიბიძგებენ ყველაფერ ამის დაწერას.
აი, ზუსტად ახლა მივუსადაგე სიტყვა ჩემს მდგომარეობას, იმედგაცრუებული ვარ. რომ განვმარტო ეს იმედგაცრუება, ორმაგი უარყოფა გამოდის ასე, რომ ესეც დავტოვოთ ასე. ბოლო დროს ბევრ რაღაცას ვტოვებ ასე.

და მაინც ...

Friday, September 16, 2011

უსასრულო ინიციალები

შორიდან ექოების ხმა ისმის.
მინუს უსასრულობიდან, პლუს უსასრულობამდე.
უცბად დაიგრიალა და პოსეიდონის რისხვით მოსულმა შთანთქა მიწიერი ვნება, მოარული.
აი რა დრო დადგა, ფურცელმა ძალა დაკარგა. გაცვდა, გაშავდა, წიგნადაც ვერ იკინძება.
შემოდგომა.
ემოციები შიშვლდება. მიწას სწყურია რაღაც სველი, სწყურია ცის გოდებით მოსული კაცობრიობის ცოდვა.
ღმერთების რისხვით მზე გაორებულა. ესეიგი ყველა ის ემოცია გაორდა რომლითაც ვინმეს მზეს იფიცებდნენ? ყველას ჩვენი მზე გვქონია და იყოს ის მეორე მზეც იმ პირველთან, მაშინ იმის შიშიც არ უნდა გვქონდეს თუ "მზე ჩაესვენა ბნელსა ვჭვრეტთ, ღამესა უმთენაროსა", მეორე ხომ მაინც დარჩება.
რისხვა თუ მადლი, ეგეც საკითხავია.
ყოველგვარი ადამიანური ტკივილის დასაბამი რა არის, თუ არა ჩვენსავე თავში გაღმერთებული მოლეკულები. ეს მოლეკულები ქმნიან იმ ატომს რომელიც ქალს ნაღმად აქცევს...ატომური ქალბატონი, ჩემთვის ესაა. დიდებული მოარული რამ, ემოციათა მთელი კასკადი, დახვეწილობა, ყველა საიდუმლოს გასაღები, თავდავიწყების მორევი, გველი...კაცობრიობის ცოდვა! აი ატომური ქალბატონი როგორია!
Die Frau mit den zwei Gesichtern
მე მაპატიეთ აზრი გამიწყდა.

Friday, September 9, 2011

Her Ladyship

მარტო გრძნობდა თავს...
როგორც ყოველთვის საღამოს გრილი შხაპი, შიშველ სხეულზე დაღლილად მოცმული მოკლე ხალათი, ჩაი, მუსიკა, სიბნელე. ეს იყო მისი ყოველდღიურობა. ხო და ინდური სურნელოვანი ჩხირის დანთება აუცილებელი კომპონენტი.
ამ საღამოსაც ყველაფერი იგივე იყო, მხოლოდ ალკოჰოლი იყო ახალი საგანი. ფიქრები უფრო ირეოდა, რასაც ფსიქოდელიური ბლუზი მეტ სიმძაფრეს მატებდა, სხეული - მხურვალე და ნაზი. თმა უშველებლად გრძელი და სრიალა. უყვარდა გარემოს შექმნა, ეხლაც ტკბებოდა ამ გარემოთი. საერთოდ მთელი ცხოვრება რაღაცას ქმნიდა.
აღმოსავლური მუსიკა.
აღმოსავლური მუსიკა რაღაც განუსაზღვრელობის და სივრცის ულევ მარაგს გვაძლევს.
სიცხე.
ყოველი უჯრედი რაღაცნაირად იკუმშება და ფართოვდება თითქოს, გინდა კანს დაეხსნა. მხარი შიშველი და აბრეშუმისებრი. სხეულს გასცდა, თვალები ქვემძრომივით ოდნავ მოჭუტა და ცალი ლოყით გაღიმებული უყურებდა საკუთარ თავს. არაფერზე ფიქრობდა და ზუსტად ამ არაფერზე ფიქრისთვის ააშენა მთელი ეს სიტუაცია.
შემოდგომის სასიამოვნო საღამო, რბილი და ემოციური, რა იქნება რომ...არა აქ გაგრძელება არ ღირს.
ახლა იგი ზმანება იყო, ზმანება რომელიც უბრალოდ დაიღალა ზმანებად ყოფნით. რეალობის საზღვრების დარღვევა ყველაზე კარგად შეეძლო, ალბათ ესაა მისი ყველაზე დიდი უარყოფითი რაც გააჩნია, მაგრამ უყვარდა მაინც.
ახლა იგი არ იყო ადამიანი, გადაქცეულიყო მდედრ ასპიტად. სხეული - თხელი, უბრალო, გამოკვეთილი, ნაზად მკვრივი, სრიალა...ყველა ემოცია ჰაერში ქრებოდა.
და მაინც აქ დავამთავრებ მე, მეტი არ ღირს.

Sunday, September 4, 2011

...but autumn


შემოდგომა ვიგრძენი.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული ძალიან მიყვარს, შემოდგომას სულ სხვა რამ მოაქვს, სიცივენარევი ამინდები და ხასიათებიც, ჩაის სხვადასხვა არომატები, სიმყუდროვეს ადვილად იპოვი, ოდნავ თბილი სამოსი, წიგნებიც განსაკუთრებულად კარგად იკითხება, მუსიკა სხვანაირად ჟღერს, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკა. რაღაც დონეზე ჩემი ახლანდელი მდგომარეობაც კი აღვწერე.
რაც შეეხება ზღვის ემოციებს, რაღაც არ მინდა ბათუმზე ცალკე გავაკეთო პოსტი, ალბათ იმიტომ რომ თითქმის არაფერი ხდებოდა, ძირითადად სახლში ვიყავი, ვკითხულობდი წიგნებს, გავდიოდი ზღვაზე, შევიგრძნობდი, ჩავდიოდი ფსკერამდე და ვცდილობდი ჩავხუტებოდი. საღამოს გასეირნება და ასე გადიოდა დღეები.
გრიგოლ რობაქიძის "ჩაკლული სული" რომ წავიკითხე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საჩემო მწერიალია ეს ადამიანი. მიყვარს მისი წერის სტილი, მისი შედარებები, მისი სიმძაფრე. პატარა ამონარიდს მოვიყვან: "კაცმა შეხედა ქალს. იგი წამომართულიყო. ველური ნესტოებით ისრუტავდა შორეულ სივრცეებს. ის იყო ძუ, მიწისა და მიწის სუნთქვის შეკრული ძალა. კაცი უძრავად იდგა. კვლავ სტანჯავდა ნეითის ნათქვამი:" ნაყოფი, რომელიც მე ვშვი, მზე იყო..." როგორ? ღვთიური სხივი მოხვდა მეორეს, ბნელს, გაურკვეველს, წიაღს, დედაკაცს. ამით დაიწყო ღმერთის ცხოვრება, მაგრამ ღვთიურს უნდა შეეწირა თავისი ძალის ნაწილი.სიბნელიდან სინათლე წარმოიშვა, წიაღმა შვა მზე. გველს არ შეუცდენია პირველი ადამიანები. "თუ იმ ხის ნაყოფს იგემებთ, იქნებით როგორც ღმერთები." ევამ იგემა, ადამმა იგემა - და იყო დაბადება და ღვთიური საქციელი."
ჩამოვიტოვოთ წიგნები, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ წასაკითხ გეგმაშია ალბერ კამიუს "უცხო", თეოდორ დოსტოევსკის "ეშმაკნი" და კნუტ ჰამსუნის "მისტერიები".
შემოდგომა...ყველანაირი ემოციის გამძაფრება და გადასხვაფერება. ამ დროს გონების მექანიზმი სხვანაირად იწყებს მუშაობას. კლასიკური მუსიკა როგორ უხდება შემოდგომას, ყველაზე დიდი დოზით შემოდგომაზე ვუსმენ ხოლმე.
ეს ჩემგან: http://www.youtube.com/watch?v=iFvqvZOtCF0&feature=related
ღამე გრძელი და მისტიური. ბუნება ვნებიანად შიშველი. ჰაერი მკაფიო. სურნელი მკაცრი. თვალები გახელილი. სხეული მორიდებული. თმა აფორიაქებული. გრძნობა აშლილი.

ძალიან მძაფრად დავიწყე აღქმა ამ შემოდგომის.