Friday, August 31, 2012

Grey ///

არ აქვს მნიშვნელობა მსხვრევას, მთავარია რომ იმსხვრევა... ზღვა. ყველაზე ლამაზად ზღვა ყლაპავს ცეცხლოვან პლანეტას, ვუყურებ და ჰორიზონტს იქით ვქრები მეც, ფიქრი გაწყალდა და ემოციები ცის შრეებად დაიკლაკნა... ყოველთვის მაქვს ფრაზა "რა იქნებოდა რომ..." და ეს მინადგურებს ცხოვრების ბევრ წუთს. სველ თმას ზღვის ნიავმა დაჰკრა და გველებად დაიკლაკნა თხელ სხეულზე. ვერავინ მიხვდება რას ნიშნავს ამხელა წყლის მასა ჩემთვის და რომ ის მხოლოდ წყლის მასა არაა... პლედში ეხვევა ნელ-ნელა აზრები...ჩაიში ჩაძირული მე და ცნობიერებაში გახნილი კიდევ ერთი კარიბჭე. ოცნებების ღამეები გრძელდება და ისევ ოთხკუთხედი წრე. მენატრება. სრული გამოფიტვა. the grass was greener, the light was brighter... ვინმე დამეხმაროს ქვის ტარებაში. ნისლი ჩამოწვა. დანგრეულ სახლში დაბრუნება, ცისფერი ცის კიდის გაცრეცილობა. ხვალ შემოდგომაა და ემოციებზეც შემოდგება. უამრავი ფინჯანი , უამრავი მე და უამრავი ფოტო ბლოგიდან. ნახევრად დაუმთავრებელ წიგნებში ნაპოვნი საკუთარი თავი...რეალობას გაქცეული უფრო რეალობაში წასული... ხვალ კიდევ ერთ წიგნს ვყიდულობ სახელად "თამაში"....

Wednesday, August 15, 2012

ლურჯი

დავიღალე... თავშეკავება...თავდაკავება... წყლის ჩაგუბება, ამჯერად გულში. მხოლოდ ზღვა შემრჩა ლურჯი. ნეტავ წელიწადის ნახევარი ქალთევზა ვიყოვო, ინატრა და ზღვის მუქ ფსკერს ჩასწვდა, გაიღო სიბრძნის კარიბჭე და გვერდითი განზომილება. ხმა არამიწიერი, ხმა საოცნებო სილურჯის. ფიქრად გარინდვა. თვალს ახელს და ცის ჰორიზონტი ჭრის მზერას. არა !!! მლაშე ზღვას მალული ცრემლის ზღვა შეერთო. დიდი იმედები ზარის რეკვით იმსხვრევა. იმედი ხომ მსხვრევადია როგორც უძვირფასესი ფაიფური, თან მსხვრევაც როგორი შემზარავია. შინაგანი გაორების მსხვერპლობა საკმარისია !!! ლურჯით შეიმოსა. სადღაა იმდენი პური რომ სამართალმა ჭამოს. გამორიყული ნავის საჭეს ებღაუჭებოდა...ცივი ნაპირი და თბილი ზღვა...ნაპირი ცარიელი, მოლოდინი არაფრის. Since I've been loving you...

Sunday, July 29, 2012

***

Hello, Is there anybody in there? Just nod if you can hear me Is there anyone home? - მემ რა ლამაზი თმა გაქვთ...უთხრა და თმაზე ნაზად შეეხო. შეიშმუშნა, თავი ოდნავ გაწია და გაახსენდა... ყველას არ აკიდებინებდა თმაზე ხელს. შეცდომები მოგვდის ადამიანებსო და ამ შეცდომებზე აუცილებლად ვსწავლობთ ადრე თუ გვიან. ეს უკვე გადაზრდილიყო დოსტოევსკის იდიოტის ხასიათში, სრული სიჩუმის თანხმობით. - მემ ლამაზი ბრძანდებით... .......... პატარაობაში ცისკრის ვარსკვლავს ჩაუთქვამდა ხოლმე თავის სურვილებს, როცა გაიზარდა ეს ვარსკვლავი გადაავიწყდა და სურვილები მხოლოდ ექოში გამოხატული იცოდა. ჩრდილოეთის ყინვები. პრიზმაში გადამტყდარი სხივი. ფერი გალურჯდა. ჩვენ ადამიანები საკუთარ თავს ბოროტულად ვექცევითო და ამას სიმბოლოებად გამოვხატავთო. წყალი იმთავითვე განწმენდის საშუალება. ეპოქა, რომელშიც სინანული ძვირად ფასობს. ეპოქა, რომელშიც დაფასება გაიაფდა. მუსიკა აღარ ჟღერს და კანტიკუნტად თუ შევხვდებით ორ გამგებ მოსაუბრეს. პატიება...პატიება... ადამიანები გადასულები ჭამაზე, სულის ჭამაზე... სული ხო ყველაზე ძვირფასად უფასოა? - მემ ფინჯან ჩაიზე გეპატიჟებით თუ შეიძლება...

Friday, April 20, 2012

***

ეპითეტი "გიშრის ტბა" ემოციებად წარმოდგენილი ნაბეჭდი სიტყვები...აი კომუნიკაციის რევოლუცია რაში გამოიხატება. ემოციამ მხოლოდ სიტყვის ფიტული დაიტოვა თავისთვის. რაღც ახალი შეირხა და გაიშალა. ნახევარსფერო დათბა. ისევ იგივეში დაბრუნებაა ნუთუ? კონტროლის ნაკლებობა. ალბათ იყო არაფრისტი ჯობს, ვიდრე იყო ყველაფრისტი ერთად. მაგრამ აი რა არის იცით, არაფრისტობა თავიდან ბოლომდე სიცარიელეა, ის სიცარიელე მუდამ რაღაცის წუხილში რომ ხარ და ცხოვრების ნებისმიერ მომენტს რომ აბრალებ ამ წუხილს. ყველაფრისტობაც ერთგვარი წუხილია, მაგრამ სისავსის წუხილია ყველაფრისტობა, ის წუხილი როცა ყველაფერი გხვდება სულის და სხეუის ყველა კუთხეში, მაგრამ ბედნიერი წუხილია ეს. როცა იცი როგორ უხდება ამინდს სიმღერა, როცა მიდიხარ გზაზე და ამ დროს შენს წარმოსახვაში სულ სხვა ადგილის კადრებია, როცა იცი რომ მზის სხივის დაცემის ასეთი თუ ისეთი კუთხე მიწაზე, ასევე ასეთ ან ისეთ ხასიათს შეგიქმნის. როცა ზედმეტად დაღლის შემდგომ მეორე სამყარო იხსნება შენში, როცა გაქვს მუდამ სხვა განზომილება. როცა უბრალოდ არსებობენ ადამიანები შენთვის. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი "ჰუნე", რომელსაც ზოგი აბამს და ზოგის ანავარდებს, მთავარია სწორად ანავარდო. გჯეროდეს და შეძლებ. მემანქანე არავის უგდებს ყურს. ძრავი ჩართულია და დრო მიდის. ყოველი წამის სიძვირფასე გვაშინებს და უქმად ვფლანგავთ, გვეშინია არ გავაფუჭოთ, იმაზე კი არ ვფიქრობთ, იქნებ მარადიულად ტკბილი იყოს თითო წამი. კაცობრიობის სულიერი უკანსვლა, მანქანების წინსვლის პირისპირ. კედელზე თავმიდებულები ვუსმენთ ჩვენ ნგრევას ჩუმი გოდებით, ჩვენი აშენებული გვანგრევს. დედამიწა ძლივს სუნთქავს. -------------------------------- ამჯერად მეექვსე სართულის ფანჯარასთან ტყუილად ვიდექი...

Friday, March 16, 2012

25-ე კადრს მიღმა ჩვენ

უამრავჯერ ნამღერი ერთიდაიგივე, ერთიდაიგივეს გადმოსაცემად.
ემოცია შორს მიდის, გადის განზომილებათა ხვეულებს.
ხანდახან მხოლოდ 1 ქილა ლუდი, ან 1 ფინჯანი ჩაი შემოგვრჩება მეგობრად მუსიკასთან და ნისლში ჩაძირული ტვინის ნაოჭები.
ფიქრი გლობალურად. ფიქრი ჩაკეტილ სივრცეში. ფიქრი უბედურების მომტანი.
ჩვენ წესებს ჩვენვე ვეწინააღმდეგებით, იმის დასამტკიცებლად რომ მიუხედავად წესების არსებობისა, ჩვენ ვარღვევთ მათ.
წელიწადის დრო - ზაფხული.
სიტყვა - უთქმელი.
დრო - წამი.
კონტროლი - იძულებითი.
წიგნის ფურცლებს ამოფარებული საკუთარი ცხოვრება მკითხველის თვალით. ამ დროს ცნობიერებაში გაჩენილი სცენებია მხოლოდ ჩვენით შეფერილი, ჩვენით დახატული და ჩვენვე ვთამაშობთ იგივე სცენარს.

ჩვენ სურეალისტურები,არაორდინალურები და მაინც ერთფეროვნები,ღრმა აზრების მატარებლები და მაინც უაზროები,განათლებულები და მაინც უცოდინრები, სიყვარულის მომთხოვნები და სიყვარულის არმცოდნენი, ჩვენ 25-ე კადრს მიღმა.

Friday, March 2, 2012

Ave Maria !

გაზაფხულის მეტასტაზები.
ყველა სილამაზე ხიბლს კარგავს დროდადრო. მანქანური შრომა.
თვალები გაშავდა ღამესავით.
ღამე ყველაზე მართალი დროა, ღამე ცბიერია. სიცივე იმატებს და სხეულის გზნებაც იმატებს.
ბლუზი იღვრება შიგნით.
მე კიდევ ერთხელ დიდი ილიას სიტყვები გავიმეორე "მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი" მეთქი და ეს ერთი ყოველთვის ერთად ბევრი ხდება.
ღმერთის მეოთხე ჰიპოსტაზი თამარი არისო. მე თუ მკითხავთ ღმერთს ბევრი ჰიპოსტაზი ჰყავს ყველა ჰომოსაპიენსის შიგნით, ყველა თავისებურად აღმერთებს და მაგიტომ.
მამაკაცი - ემოციური.
ქალი - მგზნებარე.
ხმა წყდება ბულონის ტყესთან. ტყე პირქუში და მრუში, პარიზელი ქალივით. პარიზში ალბათ ყოველთვის რავიკი მომენატრება, რომელიც ჭიქა კალვადოსზე დამპატიჟებდა თავაზიანად. პარიზი ყოველთვის გრძნობების ქალაქი იყო და ასე იქნება მუდამ. პარიზში არ ვიქნებოდი პარიზელი ქალი.
გვიანი ღამეა. ოთხი კედლის იქით ვზივარ ზღვასთან ახლოს. მისი სურნელი, მისი სიძლიერე, მისი განრისხება და სითბო, როგორ მიყვარს...
უხეში ხელის შეხება. უხეში კონტაქტი და ღელვაში გამქრალი ასპიტი თმა.
შიშვლდება. კანი ხორცს არცხვენს, ხორცი დაფარვას ცდილობს?
პლატფორმაზე საკუთარი მატარებლის ლოდინში.

Wednesday, December 7, 2011

ნაწერი სხვა ნაწერების დასაწყებად

ერთხელ ისიც ძილში...
7 დეკემბერია და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ მეძინება. მაგრამ ყველაფერი ხომ არაა ეს. საკმარისზე მეტი ფიქრი მიწევს უკვე ბოლო რამდენი ხანია. დროის შეგრძნება აღარ მაქვს, მირბიან სუსხიანი დღეები. ხანდახან დავფიქრდები და მენანება დრო რომელიც ვერ მოვახმარე საკუთარ ინტერესებს სათანადოდ, მაგრამ ამ დროის ხარჯვის მიზანიც ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტს მოიცავს. ჩემი ინტერესებისთვის მაინც ვიცლი დროდადრო.
ზამთარი მიშლის ხელს.
პარალელური სამყარო.
"ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული"–ო თქვა და ყვლაზე გენიალურად გადმოგვცა ქალის სიძლიერე. ქალი თავისი ბუნებით ველური მხეცი. ხავერდივით მხრებს ვნების ალმური ასდის.
ქალი მაცდური.
ფერადოვნების მფრქვეველი.
სატყუარა.
აბსტრაქტულ ფიგურებად სერავს გაშიშვლებული ალვის ხის ტოტები ვარდიფერ ჰორიზონტს, სადღაც მზე ჩავიდა. სადღაც მუსიკას უდარდელად უსმენენ. სადღაც დარჩა სინორჩის განცდაც.
ლამაზი თმა მაქვს.
ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. აი ის ზღაპარი რომ მგონია და მისი განხორციელების შანსი რომ არის.
არ მიყვარს აქეთ რომ მიდის ჩემი გონება.
საკმარისია.
30 წუთი დარჩა.


მოწყენილი ვარ.

Saturday, November 12, 2011

ფსიქოდელიურმა ბლუზმა ასე ქნა

გვიანი შემოდგომისთვის უცნაური მძიმე სუსხი, სულს ამძიმებს.
სიცივე ხისტს ხდის ყველაფერს. ბუნება ბოლო სიტყვებს ამბობს.
ქალი ზღვასავით მშვიდი.
თმა გაზმორილი გველივით, თმა უფსკრულის კიდემდე წვდებოდა და ბრილიანტის ბრწყინვალებაც მატულობდა.
სურნელი სველი თმის, გაიხლართა ხელები მასში.
ქალი დაიღალა და დაწვა.
მის გონებაში გაიშალა ჰორიზონტზე მოარული ემოციები, მოგონება წარსულის, აწმყოსი და მომავლის.
წარსულმა თავისი წაიღო, აწმყო გაურკვეველი? მომავალი ბუნდოვანი.
დროის უმისამართო დინება თავისას შვება. მოკლე დღის სიმოკლევე ამბავს ამოკლებს, ამბავი რომელიც ყოველ დღე იქმნება, ებმევა ერთმანეთს და უსულო წიგნად იკვრება.
ცარიელი ფურცლები.
თმა მოარულია მის სხეულზე. სიშიშვლის სიმძაფრეს მალავს ყველაზე ღიად.
ალბათ ერთხელ ერთ ამბად მოვთხრობ ყველაფერს ან არც მოვთხრობ. ამ ყველაფერს ხომ ეპოქალური მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, აბა ისე ამდენს ხომ არ ვიფიქრებდი მასზე.
სრული უწონობა? სადაა? ზღვაში...
თმა ისევ უფსკრულისკენ ექაჩება.
თმა ლოხ ნესის ურჩხულს ეძებს.
ხვეულებში გამქრალი ყველა სურნელი, ყველა შეხება და ტკივილი. როგორც გველის თითოეული დაკლაკნვა არის სიბრძნის მეტყველება ზიზღში გაფანტული.
ის ისევ დაწვა, ისევ გაიშალა ჰორიზონტზე მხოლოდ მოგონებები, არანაირი სინანული, მხოლოდ სიმდიდრის შეგრძნება.
დაკარგული ნივთის დაბრუნება სურს მხოლოდ.

ამჯერად ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ზეპელინის ელფერი აქვს...

Wednesday, October 5, 2011

...

თბილა დღეს.
მეც კარგად გამოვიყურები.
საერთოდ კარგი ამინდი + კარგად გამოვიყურები, ერთგვარი ტანდემია. ყველაზე ცუდი ხასიათის მესაც კი რაღაც ოდნავი სიმსუბუქე მეპარება ხოლმე.
კარგად გამოვიყურებიში რა იგულისხმება? მე რომ მიყვარს ისეთი დეტალები რომ დამდევს გარეგნულად, დერეფნებში, სართულებზე, ქუჩის მონაკვეთებზე რომ გაოცებას არ მალავს.
კარგი.
გუშინ ღამე დავასრულე "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები"... აქაც შემიყვარდა ერთი, მთავარი გმირი ზაზა შემიყვარდა. როგორც ოდესღაც "დიდოსტატის მარჯვენა"–ში მეფე გიორგი შემიყვარდა, როგორც დოსტოევსკის "იდიოტისთვის" მინდოდა მოვლა და ჩახუტება.
ველოდები"უცხოს".

გემოვნება გაქვს.
წერის ნიჭი გაქვს.
ქალური სინატიფე გაქვს.
სული, გული და გონება გაქვს, როგორც მთლიანობა.
ჩაიში ერკვევი.
საინტერესო ხარ.
სექსუალური ხარ, აი მისტიკურად სექსუალური.

გამეღიმა, ოღონდ არა ჯოკონდასავით. მესამე ღიმილია, საკუთარ თავს რომ უღიმი. უღიმი იმას რაც გტკენს ნუთუ?
ზაზა ალბათ გულით გამიგებდა ბოლოდმე, სადღაც შევუყვარდებოდი კიდეც, მაგრამ აი ისე, ცუდი ცხოვრების გამო რომ სრულფასოვანი შეყვარებულობა არ იქნებოდა.
იდიოტი ყველაზე კარგად იქნებოდა ჩემთან, ბედნიერად, სასიამოვნოდ, მაგრამ წავიდოდა, თავისი სუსტი ბუნების გამო.
მეფე გიორგი? რაღაცას ვერ გაუძლებდა, რასაც ვერავინ უძლებს. ოღონდ არ ვიცი ამ ვერ გაძლებას როგორ გამოხატავდა.

ჟასმინის ჩაი გავუყავი. არა, მთლიანად მას გადავულოცე.
დამონება.

ვერ ვუყრი თავს.
მაინც რა უცნაურად კარგად გამოვიყურები დღეს

Monday, October 3, 2011

1st..2nd...3rd...9th

ახლა ერთი, მსოფლიოსათვის უკვე ბანალური, კითხვა გამიჩნდა, ნეტავ რა იმალება ჯოკონდას ღიმილში?
და საერთოდ იღიმის რომ?
ქალი მიმნდობი და სასტიკი, ეპოქალური მნიშვნელობის ფენომენი, რომელიც შობს ორ უკიდურესობას და მას შორის არსებულს.
ქალის ღიმილი მძიმეა. თუ გიღიმის ან იმდენად ძლიერად უყვარხარ, რომ მხოლოდ ღიმილი შველის ამის დაფარვაში, ან იმდენად უარყოფითადაა შენს მიმართ განწყობილი რომ ზრდილობის გამო ცდილობს არ გადმოანთხიოს ბოღმა შენზე. საერთო ჯამში ღიმილი ქალის საფარველია, რომლის უკან უამრავი რამ იმალება. აი ამის ამოხსნას ცდილობს კაციობრიობა უკვე რამდენი ხანია. ღიმილი კი ინდივიდუალურია.
გეგმა მქონდა, რა წიგნების წაკითხვას ვაპირებდი და უცბად სრულად პირველ ადგილას ამ წიგნებში აკა მორჩილაძის – "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" აღმოჩნდა, გარკვეული გარემოებების გამო. ჯერ მხოლოდ ნახევარი წავიკითხე, არ დავწერ აქ რა გავიგე და რა არა, უბრალოდ ჩემთვის უკვე ცნობილი ისტორიაა ჯერჯერობით.

პრელუდიაა პირველი.
უბრალოდ გრძნობ, კარგია, თბილია, მოგწონს.
ღრმავდება.
მეორე. გააზრებული, ემოციურად დატვირთული და მძაფრი.
ყოველი სამი ქმნის სრულყოფილებასო,ნათქვამია.
დახუჭე თვალები და წარმოიდგინე.
სხეული ხურს.ფიქრები ხურს.
მეცხრე.
ხან სიმფონია, ხან ნაწყვეტი, ხან უბრალოდ ყველანაირი ბოლოს აღმნიშვნელი.
ყველაფერი რღმად ნათელია.
არც საკრალურია, არც არაფერი.
უბრალოდ მიყვარს.