Wednesday, October 5, 2011

...

თბილა დღეს.
მეც კარგად გამოვიყურები.
საერთოდ კარგი ამინდი + კარგად გამოვიყურები, ერთგვარი ტანდემია. ყველაზე ცუდი ხასიათის მესაც კი რაღაც ოდნავი სიმსუბუქე მეპარება ხოლმე.
კარგად გამოვიყურებიში რა იგულისხმება? მე რომ მიყვარს ისეთი დეტალები რომ დამდევს გარეგნულად, დერეფნებში, სართულებზე, ქუჩის მონაკვეთებზე რომ გაოცებას არ მალავს.
კარგი.
გუშინ ღამე დავასრულე "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები"... აქაც შემიყვარდა ერთი, მთავარი გმირი ზაზა შემიყვარდა. როგორც ოდესღაც "დიდოსტატის მარჯვენა"–ში მეფე გიორგი შემიყვარდა, როგორც დოსტოევსკის "იდიოტისთვის" მინდოდა მოვლა და ჩახუტება.
ველოდები"უცხოს".

გემოვნება გაქვს.
წერის ნიჭი გაქვს.
ქალური სინატიფე გაქვს.
სული, გული და გონება გაქვს, როგორც მთლიანობა.
ჩაიში ერკვევი.
საინტერესო ხარ.
სექსუალური ხარ, აი მისტიკურად სექსუალური.

გამეღიმა, ოღონდ არა ჯოკონდასავით. მესამე ღიმილია, საკუთარ თავს რომ უღიმი. უღიმი იმას რაც გტკენს ნუთუ?
ზაზა ალბათ გულით გამიგებდა ბოლოდმე, სადღაც შევუყვარდებოდი კიდეც, მაგრამ აი ისე, ცუდი ცხოვრების გამო რომ სრულფასოვანი შეყვარებულობა არ იქნებოდა.
იდიოტი ყველაზე კარგად იქნებოდა ჩემთან, ბედნიერად, სასიამოვნოდ, მაგრამ წავიდოდა, თავისი სუსტი ბუნების გამო.
მეფე გიორგი? რაღაცას ვერ გაუძლებდა, რასაც ვერავინ უძლებს. ოღონდ არ ვიცი ამ ვერ გაძლებას როგორ გამოხატავდა.

ჟასმინის ჩაი გავუყავი. არა, მთლიანად მას გადავულოცე.
დამონება.

ვერ ვუყრი თავს.
მაინც რა უცნაურად კარგად გამოვიყურები დღეს

Monday, October 3, 2011

1st..2nd...3rd...9th

ახლა ერთი, მსოფლიოსათვის უკვე ბანალური, კითხვა გამიჩნდა, ნეტავ რა იმალება ჯოკონდას ღიმილში?
და საერთოდ იღიმის რომ?
ქალი მიმნდობი და სასტიკი, ეპოქალური მნიშვნელობის ფენომენი, რომელიც შობს ორ უკიდურესობას და მას შორის არსებულს.
ქალის ღიმილი მძიმეა. თუ გიღიმის ან იმდენად ძლიერად უყვარხარ, რომ მხოლოდ ღიმილი შველის ამის დაფარვაში, ან იმდენად უარყოფითადაა შენს მიმართ განწყობილი რომ ზრდილობის გამო ცდილობს არ გადმოანთხიოს ბოღმა შენზე. საერთო ჯამში ღიმილი ქალის საფარველია, რომლის უკან უამრავი რამ იმალება. აი ამის ამოხსნას ცდილობს კაციობრიობა უკვე რამდენი ხანია. ღიმილი კი ინდივიდუალურია.
გეგმა მქონდა, რა წიგნების წაკითხვას ვაპირებდი და უცბად სრულად პირველ ადგილას ამ წიგნებში აკა მორჩილაძის – "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" აღმოჩნდა, გარკვეული გარემოებების გამო. ჯერ მხოლოდ ნახევარი წავიკითხე, არ დავწერ აქ რა გავიგე და რა არა, უბრალოდ ჩემთვის უკვე ცნობილი ისტორიაა ჯერჯერობით.

პრელუდიაა პირველი.
უბრალოდ გრძნობ, კარგია, თბილია, მოგწონს.
ღრმავდება.
მეორე. გააზრებული, ემოციურად დატვირთული და მძაფრი.
ყოველი სამი ქმნის სრულყოფილებასო,ნათქვამია.
დახუჭე თვალები და წარმოიდგინე.
სხეული ხურს.ფიქრები ხურს.
მეცხრე.
ხან სიმფონია, ხან ნაწყვეტი, ხან უბრალოდ ყველანაირი ბოლოს აღმნიშვნელი.
ყველაფერი რღმად ნათელია.
არც საკრალურია, არც არაფერი.
უბრალოდ მიყვარს.

Tuesday, September 27, 2011

28 და მარჯვნივ

სიმძიმე.
არ ემსახურება ეს ნაწერი დეპრესიის არცერთ სახეს, უბრალოდ 28 სექტემბერივით მუქ ფერებში ვარ.
ამხელა სამყაროში სრული სიმარტოვე.
მეგონა...მეგონა...მეგონა. ეს სიტყვა 21–ე საუკუნის სამყაროში არ უნდა არსებობდეს, რადგან არაფერია საგონებელი, ან არის ან არა. ადამიანები გასცდნენ ჰომოსაპიენსის არსს და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, შექმნან ის რაც უნდათ და ამაში მოიაზრება მთელი მატერიალური და არამატერიალური სამყაროს თავისებურებანი, მაგრამ გაანალიზება ამ შესაძლებლობისა მასიურად არ არსებობს, ამიტომ ისევ ჰომოსაპიენსების დონეზე რჩებიან. და მაინც, რისი თქმაც მინდა ცოტა ბუნდოვნად დავტოვებ, ყველამ გაიგოს თავისთვის. კიდევ ერთი რამ მიკვირს, რატომ ეზარებათ ადამიანებს არსებობა და მისით ტკბობა? არ დავწერ აქ სიმარტივის თავისებურებებზე, მისადმი ადამიანების რთულ მიდგომაზე, გაურკვევლობისგან ფარულ თუ არაფარულ დეპრესიებზე, ეს ყველაფერი დიდ დროს წაიღებს და შეიძლება კადნიერებაშიც ჩამომერთვას. უბრალოდ დაკარგეს სიტყვა "ჰარმონია" გამოხატული არა მხოლოდ 8 ანბანურ ასო–ბგერაში.
მოვიწყინე? ძალიან ბევრ მოსაწყენ ადგილას და მომენტშიც კი არ ვიწყენ ხოლმე. უბრალოდ "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია" ჩემზე არასდროს ვრცელდებოდა.
დღეს მივდივარ კლასიკური მუსიკის კონცერტზე, რაღა დაგიმალოთ და ისევ მარტო.
ცოტა განტვირთვა.
წარმოიდგინეთ, რამდენ რამესაც აქ ვწერ ხოლმე, ყველაფერი რაღაც დოზით და ფორმით მხვდება და შემდგომ ვწერ, მადლობას გადავუხდი იმ ადამიანებს და მოვლენებს რომლებიც მიბიძგებენ ყველაფერ ამის დაწერას.
აი, ზუსტად ახლა მივუსადაგე სიტყვა ჩემს მდგომარეობას, იმედგაცრუებული ვარ. რომ განვმარტო ეს იმედგაცრუება, ორმაგი უარყოფა გამოდის ასე, რომ ესეც დავტოვოთ ასე. ბოლო დროს ბევრ რაღაცას ვტოვებ ასე.

და მაინც ...

Friday, September 16, 2011

უსასრულო ინიციალები

შორიდან ექოების ხმა ისმის.
მინუს უსასრულობიდან, პლუს უსასრულობამდე.
უცბად დაიგრიალა და პოსეიდონის რისხვით მოსულმა შთანთქა მიწიერი ვნება, მოარული.
აი რა დრო დადგა, ფურცელმა ძალა დაკარგა. გაცვდა, გაშავდა, წიგნადაც ვერ იკინძება.
შემოდგომა.
ემოციები შიშვლდება. მიწას სწყურია რაღაც სველი, სწყურია ცის გოდებით მოსული კაცობრიობის ცოდვა.
ღმერთების რისხვით მზე გაორებულა. ესეიგი ყველა ის ემოცია გაორდა რომლითაც ვინმეს მზეს იფიცებდნენ? ყველას ჩვენი მზე გვქონია და იყოს ის მეორე მზეც იმ პირველთან, მაშინ იმის შიშიც არ უნდა გვქონდეს თუ "მზე ჩაესვენა ბნელსა ვჭვრეტთ, ღამესა უმთენაროსა", მეორე ხომ მაინც დარჩება.
რისხვა თუ მადლი, ეგეც საკითხავია.
ყოველგვარი ადამიანური ტკივილის დასაბამი რა არის, თუ არა ჩვენსავე თავში გაღმერთებული მოლეკულები. ეს მოლეკულები ქმნიან იმ ატომს რომელიც ქალს ნაღმად აქცევს...ატომური ქალბატონი, ჩემთვის ესაა. დიდებული მოარული რამ, ემოციათა მთელი კასკადი, დახვეწილობა, ყველა საიდუმლოს გასაღები, თავდავიწყების მორევი, გველი...კაცობრიობის ცოდვა! აი ატომური ქალბატონი როგორია!
Die Frau mit den zwei Gesichtern
მე მაპატიეთ აზრი გამიწყდა.

Friday, September 9, 2011

Her Ladyship

მარტო გრძნობდა თავს...
როგორც ყოველთვის საღამოს გრილი შხაპი, შიშველ სხეულზე დაღლილად მოცმული მოკლე ხალათი, ჩაი, მუსიკა, სიბნელე. ეს იყო მისი ყოველდღიურობა. ხო და ინდური სურნელოვანი ჩხირის დანთება აუცილებელი კომპონენტი.
ამ საღამოსაც ყველაფერი იგივე იყო, მხოლოდ ალკოჰოლი იყო ახალი საგანი. ფიქრები უფრო ირეოდა, რასაც ფსიქოდელიური ბლუზი მეტ სიმძაფრეს მატებდა, სხეული - მხურვალე და ნაზი. თმა უშველებლად გრძელი და სრიალა. უყვარდა გარემოს შექმნა, ეხლაც ტკბებოდა ამ გარემოთი. საერთოდ მთელი ცხოვრება რაღაცას ქმნიდა.
აღმოსავლური მუსიკა.
აღმოსავლური მუსიკა რაღაც განუსაზღვრელობის და სივრცის ულევ მარაგს გვაძლევს.
სიცხე.
ყოველი უჯრედი რაღაცნაირად იკუმშება და ფართოვდება თითქოს, გინდა კანს დაეხსნა. მხარი შიშველი და აბრეშუმისებრი. სხეულს გასცდა, თვალები ქვემძრომივით ოდნავ მოჭუტა და ცალი ლოყით გაღიმებული უყურებდა საკუთარ თავს. არაფერზე ფიქრობდა და ზუსტად ამ არაფერზე ფიქრისთვის ააშენა მთელი ეს სიტუაცია.
შემოდგომის სასიამოვნო საღამო, რბილი და ემოციური, რა იქნება რომ...არა აქ გაგრძელება არ ღირს.
ახლა იგი ზმანება იყო, ზმანება რომელიც უბრალოდ დაიღალა ზმანებად ყოფნით. რეალობის საზღვრების დარღვევა ყველაზე კარგად შეეძლო, ალბათ ესაა მისი ყველაზე დიდი უარყოფითი რაც გააჩნია, მაგრამ უყვარდა მაინც.
ახლა იგი არ იყო ადამიანი, გადაქცეულიყო მდედრ ასპიტად. სხეული - თხელი, უბრალო, გამოკვეთილი, ნაზად მკვრივი, სრიალა...ყველა ემოცია ჰაერში ქრებოდა.
და მაინც აქ დავამთავრებ მე, მეტი არ ღირს.

Sunday, September 4, 2011

...but autumn


შემოდგომა ვიგრძენი.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული ძალიან მიყვარს, შემოდგომას სულ სხვა რამ მოაქვს, სიცივენარევი ამინდები და ხასიათებიც, ჩაის სხვადასხვა არომატები, სიმყუდროვეს ადვილად იპოვი, ოდნავ თბილი სამოსი, წიგნებიც განსაკუთრებულად კარგად იკითხება, მუსიკა სხვანაირად ჟღერს, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკა. რაღაც დონეზე ჩემი ახლანდელი მდგომარეობაც კი აღვწერე.
რაც შეეხება ზღვის ემოციებს, რაღაც არ მინდა ბათუმზე ცალკე გავაკეთო პოსტი, ალბათ იმიტომ რომ თითქმის არაფერი ხდებოდა, ძირითადად სახლში ვიყავი, ვკითხულობდი წიგნებს, გავდიოდი ზღვაზე, შევიგრძნობდი, ჩავდიოდი ფსკერამდე და ვცდილობდი ჩავხუტებოდი. საღამოს გასეირნება და ასე გადიოდა დღეები.
გრიგოლ რობაქიძის "ჩაკლული სული" რომ წავიკითხე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საჩემო მწერიალია ეს ადამიანი. მიყვარს მისი წერის სტილი, მისი შედარებები, მისი სიმძაფრე. პატარა ამონარიდს მოვიყვან: "კაცმა შეხედა ქალს. იგი წამომართულიყო. ველური ნესტოებით ისრუტავდა შორეულ სივრცეებს. ის იყო ძუ, მიწისა და მიწის სუნთქვის შეკრული ძალა. კაცი უძრავად იდგა. კვლავ სტანჯავდა ნეითის ნათქვამი:" ნაყოფი, რომელიც მე ვშვი, მზე იყო..." როგორ? ღვთიური სხივი მოხვდა მეორეს, ბნელს, გაურკვეველს, წიაღს, დედაკაცს. ამით დაიწყო ღმერთის ცხოვრება, მაგრამ ღვთიურს უნდა შეეწირა თავისი ძალის ნაწილი.სიბნელიდან სინათლე წარმოიშვა, წიაღმა შვა მზე. გველს არ შეუცდენია პირველი ადამიანები. "თუ იმ ხის ნაყოფს იგემებთ, იქნებით როგორც ღმერთები." ევამ იგემა, ადამმა იგემა - და იყო დაბადება და ღვთიური საქციელი."
ჩამოვიტოვოთ წიგნები, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ წასაკითხ გეგმაშია ალბერ კამიუს "უცხო", თეოდორ დოსტოევსკის "ეშმაკნი" და კნუტ ჰამსუნის "მისტერიები".
შემოდგომა...ყველანაირი ემოციის გამძაფრება და გადასხვაფერება. ამ დროს გონების მექანიზმი სხვანაირად იწყებს მუშაობას. კლასიკური მუსიკა როგორ უხდება შემოდგომას, ყველაზე დიდი დოზით შემოდგომაზე ვუსმენ ხოლმე.
ეს ჩემგან: http://www.youtube.com/watch?v=iFvqvZOtCF0&feature=related
ღამე გრძელი და მისტიური. ბუნება ვნებიანად შიშველი. ჰაერი მკაფიო. სურნელი მკაცრი. თვალები გახელილი. სხეული მორიდებული. თმა აფორიაქებული. გრძნობა აშლილი.

ძალიან მძაფრად დავიწყე აღქმა ამ შემოდგომის.


Tuesday, August 9, 2011

ნაპოვნი მე



ეს ვიპოვე tumblr-ზე და მაშინვე მივხვდი რომ ჩემია, მე ვარ, მე მეკუთვნის და ყველაფერია გამოხატული ჩემი. უამრავი რამ წერია ამ ნახატზე, ასე რომ ყველამ თავისებურად წაიკითხოს

Saturday, July 2, 2011

სათაურების კრიზისი

თავდაპირველად, სალამი...
ადვილია სხვისთვის იმის თქმა, რასაც თავს არიდებ...ერთი კარგი რამ სჩვევია ადამიანთა მოდგმას, სხვისთვის რჩევათა მთელი კორიანტელის დაყენება, თუმცა ეს ახლა რატომ ვთქვი და საიდან მოვიტანე არ ვიცი...ძალიან გათიშული ვარ, მხოლოდ 2-3 საათი მეძინა და ისე ვარ, სხვა განზომილებებს ვხედავ. ისე, მიყვარს ამ სხვა განზომილებებში ბოდიალი, პირამიდაში გარდატეხილი სხივებიც სხვა ფერია და მელოდიებიც ნოტებად დაშლილი დაფრინავს...სრული უწონობა...
მაგრამ წონა თუ არ მივეცით საკუთარ თავს, სულ დინამიკაში ჩემი მტერი იყოს, წონა გვაჩერებს ერთ კონკრეტულ ადგილას და ხანდახან გაჩერებაც სასარგებლოაო, აბა თაგვები ხომ არ ვართ, სულ ვთხაროთ, ვთხაროთ, რომ ბოლოს მაინც კატა გამოვთხაროთ.
დამბურძგლა...ჩემს დაბურძგვლას რამდენიმენაირი დეფინიცია აქვს, მბურძგლავს როცა: რაიმე მეამაყება, რაიმე ეროვნულს ვუყურებ ან ვუსმენ, ვუსმენ ლედ ზეპელინს და როცა მიყვარს.
ადამიანებმა არასდროს უნდა დავკარგოთ ის რაღაცეები რაც შინაგან სამყაროს გვივსებს და დამიჯერეთ ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენ ხელთაა, თუ დაკარგავ შენი ხელით კარგავ და არანაირი გარემოებაა შუაში. ერთხელ როცა ხელები გავშალე და მივეცი გზა ჩემს სამყაროს ნაწილებს მდინარესავით გადინებულიყო, მივხვდი მხოლოდ ხორცი რჩებოდა მოარული და სასწრაფოდ მოვუჭირე მარწუხები.
შ ე ი ნ ა ხ ე თ და გ ა ა ვ ს ე თ...
ერთი რამ არის კიდევ, ყველამ თავის პანდორას ყუთს კარგად მიხედოს და გადამალოს, მხოლოდ შავ კვალს ტოვებს ჯოჯოხეთური ფერადოვნებით აბმული თვალები...

Monday, June 6, 2011

თამაშთა თეორია/ ანუ ფსევდო ურთიერთობები

ეს დავწერე ერთხელ, ეხლა კი კორექცია გავუკეთე და ისე ვდებ აქ, რადგან აქტუალობა არ დაუკარგავს ჩემთვის...

რა არის თამაშთა თეორია ? ეკონომიკურ ენაზე განმარტებულია, რომ იგი არის სტრატეგიულ სიტუაციებში ადამიანთა ქცევის შესწავლა. ,,სტრატეგიულით,, აღვნიშნავთ ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც თითოეულმა ადამიანმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ის, თუ როგორ მოიქცევიან სხვები მისი ქცევის საპასუხოდ.
მოდით გავცდეთ სიტყვა ეკონომიკას და ყოველივე ადამიანთა ჩვეულებრივ, ჩემი აზრით კი, არც თუ ისე ჩვეულებრივ ურთიერთობებში გადმოვიტანოთ. ძნელია ადამიანთა ქცევის შესწავლა, პრინციპში რაღაც დონეზე შეუძლებელიც, ადამიანი ხომ უდიდესი ფენომენია თავისი შინაგანი სიმდიდრეებითა და სიბინძურეებით. სტრატეგიული სიტუაციები ბევრი ადამიანისთვის უცხოა, იღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ არ ითვალისწინებს რეზულტატს, რომელიც შეიძლება მომაკვდინებელიც იყოს. რეზულტატს, რომელიც საკუთარი თავისგან არის გამოწვეული, ხშირად ავიწყდებათ, რომ სხვისგან იღებენ. და ვინ არის სხვა? ეს არის პირი, რომლისთვისაც ასევე ცნობილი უნდა იყოს სტრატეგიული სიტუაციები, მაგრამ ასე არ არის ძირითადად. რეზულტატი კი უარყოფითი მიიღება როგორც წესი. ადამიანთა ქცევაში მასიურად უგულებელიყოფა სხვათა გათვალისწინება, რასაც ვთვლი, რომ არასწორია... ურთიერთობები...დიდი ლაბირინთები.... ეს ხომ არამარტო სტრატეგიულ სიტუაციათა ჩახლართული ლაბირინთებია. და მაინც ის ხიბლი, რაც თან სდევს ნებისმიერი სახის ჰომოსაპიენსურ ურთიერთობებს, ჩვენთვის, ადამიანებისთვის შეუცნობელია და აქტიურად განვაგრძობთ საკუთარ თავთან ჭიდილს იმისთვის, რომ არ დავუშვათ შეცნობის შესაძლებლობა....

Wednesday, June 1, 2011

Back again?

ჰორიზონტი.
თითქოს არაფერი და რიგზეა ყველაფერი და პრინციპშიც ასე ჩავთვალოთ, მაგრამ ძნელია როცა ჰელიუმით გაბერილი ბუშტივით დაგყვება ერთი ფიქრი თან და ელოდები როდის გასკდება...და გეშინია.
რა მონოტონური გამოვდივარ, მაგრამ ეს არაა მოწყენა, უბრალოდ გააზრებული მონოტონურობაა. ბევრი რამ არის რასაც ვაჩუმებ და ვინახავ, ასე ჯობს.
ეხლა ლედ ზეპელინის ქვეშ ვწერ, ამერია თავგზა : )
ყოველთვის მაფორიაქებს და მრევს, მასთან დაკავშირებული ყველაფერიც...არასდროს მეგონა თუ ისევ ჩაერეოდა რაიმეში...
გავიქცე მინდა და ვერ გავრბივარ, არ მაქვს გასაქცევი, არ არის არც გზა და არც გავიქცევი, რადგან მე ვირჩევ აქ ყოფნას. გაქცევა რადგან ვახსენე ნუ გგონიათ რომ პრობლემები მახრჩობს ან რაიმე მსგავსი მოსაწყენი რამ არის შუაში, გაქცევა რამდენიმე მნიშვნელობით ვთქვი...
რა იქნება, რომ....არა არაფერი,აქ არ დავწერ და საერთოდ არ დავწერ და არც ვიტყვი...რაღაც სენტიმენტებს ვატყობ ჩემ თავს და არ მომწონს ეს მე, არადა რეალურად ყველაფერი საუკეთესოდ ვიცი და ამ ცოდნას უარვყოფ დაჟინებით, ეს მომწონს სადღაც კიდეც, მაგრამ აკრძალული ხილის ამბავს მაინც ვერ გადაასხვაფერებ ადამიანი, მთავარი ისაა რომ იხმარონ ჭკუა და არ აკრძალონ, რომ უფრო არ წაეტანო. ვერ ვიტან ადამიანი საკუთარ თავს რომ იზღუდავს და ამას ვაკეთებ მე, მაგრამ მე რომ მკითხოთ ვიცი რასაც ვაკეთებ და ასეა სწორი და ეს ასე უნდა იყოს და ჩამოვყვები მთელ არგუმენტებს. საინტერესოა შემდგომ პოსტში რას ვიტყვი, აქტუალურობაში რა შეეჯიბრება რას...
რა იქნება რომ...

ესეც თქვენ, კაი ბლუზური ლედ ზეპელინი
http://www.youtube.com/watch?v=0vtxuQmDoTE&feature=related

Deus Vobiscum!