Friday, September 28, 2012

სათაური დეტერმინიზმზე

სექტემბერი იწურება.

წეღან მიწის გმინვა გავიგე, თითქოს კაცობრიობის ცოდვებმა შეაწუხაო.

ჩვენ ყველას ჩვენი გველის სადღაც. ადამიანი თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს საკუთარი თავის ძიებაში ატარებს, იმ თავის რომელიც არ არსებობს ან რომელიც არსებობს და ჰგონია რომ არ არსებობს.
დიდი ნიჭია პოზიტივისა და ნეგატივის გარჩევა და უფრო დიდი ნიჭი მათი რაციონალური არევა ერთმანეთში.
პარადოქსი! ვფიქრობ რომ აი ეს არის ის, რაზეც სამყარო მოძრაობს და არა რის გარშემოც.
ჩემი ფიცის ბოლო უკვე აღარც კი მაკვირვებს...

ცხოვრება მუსიკის რითმებში...ყოველი დღე ამინდის ფერი...ყოველი განწყობა სეზონური...

ვწუხვარ, როდესაც ადამიანები ყველაფერს ერთი მხრიდან უყურებენ. როცა რაღაცას აფასებენ, როგორც ხედავენ და არა ისე როგორც შეიძლება იყოს, როცა აღქმა არ სცდება საზღვრებს...როცა შემოდგომა მათთვის მხოლოდ შემოდგომაა და არა გარდასახვა ერთიდან მეორეში, ფერთა გამა რომელიც ვიღაცისთვის მელანქოლიურია და ვიღაცისთვის ბუნების ზეიმი. როცა სულიერების სჯერათ მხოლოდ გარდაცვალების შემდგომ და სანამ მიწაზე არიან არაფრად აფასებენ ამას, აბა მიწად როცა იქცევიან გმინვა შემდგომაც ეყოფათ.
ვიღაც ბრძენს უთქვამს, რომ მოვლენები ისეთივეა როგორიც შენ გინდა რომ იყოსო, ისინი არ არიან განსაზღვრული დროსა და სივრცეშიო. ასეთ რაღაცეებს როგორც წესი, ხომ "ვიღაც ბრძენები" ამბობენ, ხოდა ამ წუთასაც ეს ვიღაც ბრძენი მე გამოვიგონე...

მე აქამდე ქებათა ქება ვიცოდი და ახლა ქებათა ქების ქებასაც კი გადავეყარე...თუმცა როგორ გავუტოლდები ღმერთის მეოთხე ჰიპოსტაზს, მე ხომ მთელ ამ ჰელიოცენტრულ სისტემაში ადამაინთა მოდგმის იმდენად მცირე ნაწილაკი ვარ, რომ სახელიც კი გამჭვირვალე მაქვს.


ოთხივე სეზონზე ღამეს სხვა სუნი აქვს.

შემოდგომის ღამის სუნი...

0 comments: